ასტრონომები 33 პლანეტურ სისტემაში არამიწიერ ცივილიზაციათა სიგნალებს ეძებდნენ — ერთმა სიგნალმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია #1tvმეცნიერება

12:46, 29.09.2026

უკიდეგანო კოსმოსი ცივი და მარტოსული ჩანს.

მიუხედავად ცის გულდასმით დათვალიერებისა, დედამიწის მიღმა არამიწიერი სიცოცხლის კონკრეტულ ნიშნებს ჯერ ვერ მივაგენით, რომ აღარაფერი ვთქვათ მზის სისტემის მიღმა.

და ეს ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ტექნოლოგიები გვექნებოდა — მკაფიო ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ გონიერმა ცივილიზაციამ გარემოს გარდაქმნის ისეთი გზები შეიმუშავა, რომელთა აღმოჩენაც შესაძლოა ვარსკვლავთშორის სივრცეში შევძლოთ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობს. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უბრალოდ სათანადოდ არ ვეძებთ.

ახლახან, ჩინელმა ასტრონომებმა მსოფლიოში უდიდესთეფშიანი რადიოტელესკოპით სიღრმისეულად დაასკანერეს 33 ისეთი პლანეტური სისტემა, რომლებიც იმედის მომცემი ადგილები ჩანდა ტექნოლოგიური ხელწერების საძებნელად.

მათმა უმეტესობამ ზუსტად ის შედეგი გამოიღო, რასაც ელოდით — არაფერი.

თუმცა, ერთი შედარებით საინტერესო აღმოჩნდა.

ჩვენგან დაახლოებით 238 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, K2-155-ის მიმართულებიდან მოდიოდა ვიწროზოლიანი რადიოსიგნალი, რომელმაც გაუძლო მკვლევართა საწყის მცდელობებს, აღმოეფხვრათ ხელისშემშლელი ფაქტორები. ეს იმ ტიპის რადიოსიგნალია, რომლის წარმოქმნაც ტექნოლოგიების გარეშე რთულია.

„ბუნებრივი ასტროფიზიკური პროცესები იშვიათად წარმოქმნის უკიდურესად ვიწრო სპექტრულ მახასიათებლებს, მაშინ, როცა ინჟინერიული გადამცემები მას ხშირად წარმოქმნიან“, — წერს The Astronomical Journal-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასტრონომთა ჯგუფი, რომელსაც პეკინის ნორმალური უნივერსიტეტის მკვლევარი ზი-ქი ლი ხელმძღვანელობდა.

კითხვა იმის თაობაზე, ვართ თუ არა სამყაროში მარტონი, ახალი არ არის — მაგრამ ნაკლებად ფილოსოფიურია კითხვა, შევძლებთ თუ არა უსასრულო კოსმოსში რაიმე ასეთის პოვნას.

გვაქვს ტექნოლოგიები და მეტ-ნაკლებად ვიცით, როგორ გამოიყურება ისინი.

ასევე ვიცით, როგორ გამოიყურება ვარსკვლავები და სხვა კოსმოსური ობიექტები; საკმაოდ კარგი მოსაზრება გვაქვს იმაზეც, რა სახის სიგნალებს წარმოქმნის ბუნებრივი ასტროფიზიკური პროცესები. ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ ბუნებრივი კოსმოსური წყაროების მიერ წარმოქმნილი რადიოგამოსხივებები როგორც წესი, საკმაოდ თანაბრადაა გადანაწილებული სიხშირეების ფართო დიაპაზონში.

ვიწროზოლიანი რადიოსიგნალები სპექტრის ტექნოლოგიურ მხარესთან უფრო ახლოს მდებარეობს — ანუ არის ძალიან ვიწრო ზოლში კონცენტრირებული რადიოსიგნალი. ჩვენი ტექნოლოგიების რადიოსიგნალები ხშირად მჭიდროდ შებოჭილია. ამიტომ, ეს ერთ-ერთ შესაძლო მინიშნებას გვაძლევს.

კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც ასტრონომებმა შეიძლება მოძებნონ, არის ის, გადაადგილდება თუ არა ეს სიგნალი.

იმიტომ, რომ შორეული პლანეტის ზედაპირიდან გადაცემული სიგნალი აუცილებლად არ დარჩება ერთსა და იმავე სიხშირეზე.

საკუთარი ღერძის გარშემო მბრუნავი და დედავარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტის ფარდობითმა გადაადგილებამ შესაძლოა დოპლერის ეფექტის მეშვეობით შეცვალოს რადიოსიგნალის სიხშირე, რაც დროთა განმავლობაში მის დამახასიათებელ წანაცვლებას იწვევს.

ამიტომ, თუკი ასტრონომები ნახავენ რადიოსიგნალს, რომელიც უკიდურესად ვიწროც არის და სიხშირეებშიც ცვალებადია, ნამდვილად იმსახურებს გაცილებით დეტალურ შესწავლას.

სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი ჩვევა, ხელი შევუშალოთ საკუთარ თავს. დედამიწა ფაქტობრივად გაჟღენთილია ჩვენივე შექმნილი რადიოსიგნალებით.

თანამგზავრები, საჰაერო ხომალდები, საკომუნიკაციო სისტემები, სანავიგაციო ტექნოლოგიები და მიკროტალღური ღუმელებიც კი წარმოქმნიან რადიოსიხშირულ ინტერფერენციას (ჩარევა), ანუ RFI-ს, რომელიც ასტრონომიულ დაკვირვებებს აბინძურებს.

თანაც, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მაცდურად — და იმედგაცრუების მომგვრელად გამოიყურებოდეს — ისეთივე სიგნალების მსგავსად, როგორების პოვნასაც SETI-ს მკვლევრები ცდილობენ.

ეს ის პრობლემაა, რომლის მოგვარებაც მკვლევრებს სურდათ.

ჩინეთის 500-მეტრიანი აპერტურულ სფერული რადიოტელესკოპით (FAST) ჩატარებული დაკვირვებებით, მათ შეიმუშავეს ახალი მეთოდი არამიწიერი გონიერი სიცოცხლის (SETI) ძიების შედეგად გენერირებული რადიომონაცემების უზარმაზარი ბაზის გასაანალიზებლად; ხმაურს ფილტრავდნენ და ეძებდნენ ვიწროზოლიან, მოდრეიფე სიგნალებს.

თავად დაკვირვებები ახალი არაა. 33 სამიზნე ეგზოპლანეტურ სისტემას FAST-ი 2021 წელს დააკვირდა SETI-ს წინა კამპანიის ფარგლებში.

ლიმ და მისმა კოლეგებმა სწორედ ეს მონაცემები შეისწავლეს ძებნის ახალი მეთოდით, რომელიც იმედის მომცემ სიგნალთა გამოსავლენად შეიქმნა; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაეხმარა ხელოვნური სიგნალების გამორიცხვაში.

ამისთვის FAST-ს განსაკუთრებით ეშმაკური ხერხი აქვს. მისი L-დიაპაზონის მიმღები ცას ერთდროულად 19 სხვადასხვა სხივის მეშვეობით აკვირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, ცენტრალური სხივი შეიძლება სამიზნეზე გაიწვრთნას, დანარჩენი 18 კი ცის მიმდებარე მონაკვეთებს დააკვირდეს.

თუკი სიგნალი ცაში მრავალ ადგილას გამოჩნდა, ანუ რამდენიმე სხივის სახით — სავარაუდოდ, ის დედამიწისეული წარმოშობისაა. მაგრამ თუკი მხოლოდ მხოლოდ სამიზნესკენ მიმართულ სხივში გამოჩნდა, ის კიდევ ერთ შემოწმებას უძლებს.

მკვლევრებმა შეიმუშავეს მანქანური სწავლების ალგორითმი, რომელიც იყენებს მათემატიკურ მეთოდს, სახელად პატარა ტალღის ანალიზი, რათა ხმაურიანი რადიომონაცემებიდან სუსტი სიგნალის ნიმუშები გამოეყოთ.

ის ისე გაწვრთნეს, რომ ამოეცნო ვიწროზოლიანი სიგნალების მიერ წარმოქმნილი სიხშირეში რხევით გამორჩეული ტრაექტორიები, სანამ დამატებითი შემოწმებები მიწისპირა წარმოშობის სავარაუდო ინტერფერენციებს გამორიცხავდა.

ალგორითმმა თავიდან 139 127 სიგნალი გამოარჩია. გაფილტვრის შემდეგმა რაუნდებმა და ინტერფერენციის შემოწმებებმა ეს უზარმაზარი მონაცემები მხოლოდ ორ სიგნალამდე დაიყვანა, რომლებიც მკვლევართა აზრით, განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო.

მათგანი ერთი, ვარსკვლავ კეპლერ-438-ის მიმართულებით დაფიქსირებული, წინა ანალიზებშიც იდენტიფიცირებული იყო და მისი დედამიწისეული წარმომავლობა საბოლოოდ გამოირიცხა.

მეორე ახალი იყო და განსაკუთრებით საინტერესო პლანეტური სისტემიდან მოდიოდა.

K2-155 არის წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომლის გარშემოც სუპერდედამიწის ტიპის სამი პლანეტა მოძრაობს; მათგან ყველაზე გარე პლანეტას დედამიწაზე 1,6-ჯერ დიდი რადიუსი აქვს და ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონის სიახლოვეს მდებარეობს, ანუ ვარსკვლავისგან ისეთ მანძილზე, რომ მის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია — არც ისე ცივა, რომ გაიყინოს და არც ისე ცხელა, რომ აორთქლდეს.

K2-155-ის შესახებ FAST-ის მონაცემებში ამ სიგნალს NBS 260108 უწოდეს.

მისი სიხშირე 1148.4167 მეგაჰერცია და შესაბამისად, ვიწროა. მოდრეიფეა. გამოჩნდა მხოლოდ K2-155-ისკენ მიმართულ სხივში. აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს და შეიძლება მივიჩნიოთ „ტექნოხელწერის კანდიდატად“.

მაგრამ სამწუხაროდ, არც ისე ძლიერი.

სიგნალი ძლიერი ჩანდა მხოლოდ პოლარიზებულ არხში და მსგავსი სიგნალები მეზობელ სიხშირეებზე სხვა სამი ვარსკვლავის დაკვირვებისასაც გამოჩნდა — ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს მიწიერ ან ხელსაწყოებთან დაკავშირებულ ინტერფერენციულ ფაქტორებთან.

თუმცა, მკვლევრებმა ვერ დაადგინეს, ზუსტად რა წარმოქმნის მას.

ამ მომენტისთვის, NBS 260108 კლასიფიცირებული არ არის — დედამიწისეული ან ინსტრუმენტებისეული წარმომავლობა უფრო მეტად სავარაუდოდ მიიჩნევა, ვიდრე არამიწიერი.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი წყარო კვლავ ჩვენ აღმოვჩნდებით, მეცნიერები ამ გამოცდილებიდან რაღაცას ისწავლიან — კერძოდ, დაიხვეწება SETI-ს პროცესები, რაც მომავალ ძიებებს უფრო ეფექტიანსა და საფუძვლიანს გახდის.

და კიდევ, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებმა მხოლოდ გასულ საუკუნეში დავიწყეთ ცაში არამიწიერ ცივილიზაციათა ნიშნების ძებნა.

თუკი სადმე ვინმე მართლაც არსებობს, ალბათ თანდათან შევძლებთ ისეთ მიმღებთა შექმნას, რომ მათი სიგნალები დავაფიქსიროთ.

კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი