აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა - აშშ-ის პოლიტიკაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა - აშშ-ის პოლიტიკაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი დაამტკიცა. დოკუმენტის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე სხვა მიზნებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-ის პოლიტიკაა, მხარი დაუჭიროს: საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი, გააკეთონ დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის მათი ქვეყნის ურთიერთობაზე სხვა ერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას; არ აღიარონ ძალისმიერი ტერიტორიული ცვლილებები, მათ შორის საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო შეჭრა და ოკუპაცია; დაგმოს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალისმიერი გზით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე დაკავებები, გატაცებები და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევები. მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის ბოლოდროინდელი მკვლელობები.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პოლიტიკაა, მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი შეუწყონ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო, ღირსეულ დაბრუნებას, რაც ყველაფერი მნიშვნელოვანია ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიული ფასეულობების შემდგომ განვითარებას, მათ შორის საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, ისევე როგორც ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.