აშშ-ში რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს
აშშ-ში რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

კაპიტოლიუმში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.

შეხვედრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გამართა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონიც ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ ჯონსონმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია და აუცილებელია მისი დროულად მოგვარება.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაციული შეხვედრა ჯეიკ სალივანთან. ეს არის ის საკითხი, რომელიც ერთი კვირაა, ვიცით. ჩვენ შეხვედრის მოთხოვნა გავაგზავნეთ პრეზიდენტთანაც. ეს ძალიან სერიოზული საქმეა. რაღაც ინფორმაციებმა გაჟონა. ვარაუდი ბევრია. ის, რისი თქმის უფლება გვაქვს, არის ის, რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მასში ჩართულია რუსეთი. ეს არ არის საქმე, რომელიც შეიძლება, გადაიდოს. ეს არის ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ სერიოზულად და დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

ცნობისთვის, „ენბისი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ავითარებს კოსმოსურ ბირთვულ იარაღს, რომელიც შექმნილია აშშ-ის თანამგზავრებისთვის დასამიზნებლად. როგორც მედია იუწყება, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელმა, მაიკ ტერნერმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდა, გაასაჯაროოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საშიშროებას“ ეხება.

საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აღნიშნა, რომ საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა.