აშშ-ში მიიღეს ანტისადოპინგო კანონი, რომელსაც როდჩენკოვის სახელი დაარქვეს
ორშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, სისხლის სამართლის საქმე აღძრას იმ სპორტსმენების მიმართ, რომლებიც ანტისადოპინგო წესებს დაარღვევენ იმ ტურნირებში, სადაც ამერიკელი სპორტსმენები გამოდიან.
კანონპროექტს, რომელიც დოპინგ-შეთქმულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორის გრიგორი როდჩენკოვის სახელი ეწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ეს კანონპროექტი 2019 წლის ოქტომბერში მიიღო, ახლა კი მას ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„როდჩენკოვის კანონის“ მიხედვით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი ითვალისწინებს ერთ მილიონ დოლარამდე ჯარიმასა და პატიმრობას 10 წლის ვადით.
კანონი მიმართულია სპორტსმენთა გარემოცვის – მწვრთნელების, აგენტების, დილერების, მენეჯერების, სპორტული ან სამთავრობო ჩინოვნიკების წინააღმდეგ. სპორტსმენები ისედაც ხვდებიან მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სანქციების ქვეშ.
„ეს გარდამტეხი დღეა მთელს მსოფლიოში სუფთა სპორტისთვის ბრძოლაში. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ სულ მალე კანონპროექტი კანონად იქცევა და უკეთესობისკენ შეცვლის თამაშის წესებს სუფთა სპორტსმენებისთვის“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა ტრევის ტაიგერტმა.