აშშ-ში გამართულ აზერბიაჯან-სომხეთის „მშვიდობის სამიტის“ წლისთავთან დაკავშირებით, ილჰამ ალიევმა დონლად ტრამპს წერილით მიმართა

00:22, 09.08.2026

ერთი წლის წინ, ისტორიული პასუხისმგებლობის აღებით, თქვენ გარდამტეხი მომენტი შემოიტანეთ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მიწერილ წერილშია აღნიშნული.

ალიევმა ტრამპს წერილი 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული აზერბიაჯან-სომხეთის „მშვიდობის სამიტის“ პირველ წლისთავთან დაკავშირებით გაუგზავნა.

როგორც წერილშია ნათქვამი, ერთი წლის წინ მიღწეულმა შეთანხმებამ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობას ჩაუყარა საფუძველი, რამაც სამი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დაასრულა.

„თქვენი თანდასწრებით თეთრ სახლში ხელმოწერილმა სამმხრივმა ერთობლივმა დეკლარაციამ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებულმა მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებამ და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ ერთობლივმა მოწოდებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პერსპექტიული ახალი თავის გახსნაში. ამავდროულად, თქვენი მშვიდობის დამყარების ძალისხმევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს – TRIPP პროექტს – უზარმაზარი პოტენციალი აქვს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის წინსვლისთვის, რეგიონული სატრანსპორტო კავშირის გაძლიერებისა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, ალიევის შეფასებით, გასული წლის აგვისტოში ვაშინგტონში გამართული შეხვედრა ასევე ისტორიული იყო აზერბაიჯან-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში.

„სწორედ ამ შეხვედრის შედეგად, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ექვსი თვის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტი აზერბაიჯანში და ამ ვიზიტის დროს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ორმხრივი ინვესტიციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, ხელოვნური ინტელექტი და უსაფრთხოება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ მაღალი დონის კონტაქტებთან და შეთანხმებებთან ერთად, წარმოადგენს დასტურს ასეთ მოკლე დროში მიღწეული შესანიშნავი პროგრესისა და იმ მნიშვნელობისა, რომელსაც თქვენ ანიჭებთ აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, – აღნიშნავს ალიევი წერილში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის აშშ-ში გაფორმებული სამშვიდობო დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრები გამართა.

 

მსგავსი