დონალდ ტრამპი ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრები გამართა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში „მშვიდობის სამიტის“ მასპინძლობისთვის და ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის.
მათივე ცნობით, ფაშინიანი და ტრამპი მიესალმნენ ფაქტს, რომ ვაშინგტონის „მშვიდობის სამიტმა“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნამდვილი მშვიდობა დაამყარა, რაც ორივე ქვეყანას სარგებელს მოუტანს.
ამასთან, სატელეფონო საუბრისას მათ ასევე განიხილეს TRIPP-ის პროექტიც.
დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთანაც. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ტელეფონით საუბრისას ორივე ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის სამიტის წლისთავთან დაკავშირებით და მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამშვიდობო სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელმოწერილმა ერთობლივმა დეკლარაციამ რეგიონში კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის განმტკიცება გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდა და არ მომხდარა ინციდენტები, რომლებსაც შეეძლოთ, რეგიონში ესკალაცია გაეზარდათ.
ამასთან, ლიდერებმა დადებით მოვლენებად შეაფასეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტი სომხეთში, ტვირთების ტრანზიტი აზერბაიჯანის გავლით სომხეთში და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დაწყება.