აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად 11 პარაშუტისტი და ერთი პილოტი დაიღუპა
აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად 11 პარაშუტისტი და ერთი პილოტი დაიღუპა

აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 11 პარაშუტისტი და ერთი პილოტი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

შემთხვევა მისურის შტატში მოხდა. თვითმფრინავი, რომელიც პარაშუტისტთა კომპანიას ჰქონდა ნაქირავები, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე აფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა სიმაღლის აღება ვერ შეძლო, მკვეთრად მარცხნივ გაუხვია და ჩამოვარდა.

„ბორტზე მყოფი 12-ვე ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველები ამოწმებენ ტერიტორიას, რათა დაადგინონ, ხომ არ მოახერხა რომელიმე პარაშუტისტმა თვითმფრინავიდან გადმოხტომა ჩამოვარდნამდე.

როგორც „ბიბისი“ წერს, ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.