აშშ-ის სენატი - 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია ნათელი მაგალითია, როგორ იყენებს რუსეთი ძალას  ტერიტორიების წასართმევად
აშშ-ის სენატი - 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია ნათელი მაგალითია, როგორ იყენებს რუსეთი ძალას ტერიტორიების წასართმევად

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეძღვნება.

200-გვერდიანი დოკუმენტის სახელწოდებაა „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“.

ანგარიში კონგრესში გავლენიანმა სენატორმა, ბენ კარდინმა წარადგინა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია ნათელი მაგალითია, თუ როგორ იყენებს რუსეთი ძალას სხვა ქვეყნისთვის ტერიტორიის წართმევით.

„მზარდი დაძაბულობის წლების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარებმა მხარი დაუჭირეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში სეპარატისტებს, რაც დასრულდა რუსეთის მთავრობის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. ამ კონფლიქტმა ასევე პირველად აჩვენა, რომ სამხედრო ინტერვენციასთან ერთად, გამოყენებული იყო კიბერთავდასხმები – ინოვაცია, რომელიც რუსეთის მთავრობამ დახვეწა ექვსი წლის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. 2008 წლის შემდეგ, რუსეთის მთავრობის პროპაგანდა და პოლიტიკური პარტიებისადმი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფებისადმი რუსეთის მხარდაჭერა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მაშინ, როდესაც ქვეყანაში პროდემოკრატიული ძალები დასავლეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას ცდილობენ. 2008 წლის აგვისტომდე, დაძაბულობა მატულობდა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში, რომლებიც სადავო გახდა 1991 წლის საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან. ოსმა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს აგვისტოს დასაწყისში, რის შემდეგაც აღნიშნულ რაიონში ქართველი სამხედროები განთავსდნენ. რუსმა სამხედროებმა პასუხად ტანკების გამოყენებით საქართველოს ძალები სამხრეთ ოსეთიდან განდევნეს. მალევე ნათელი გახდა, რომ რუსეთის თავდასხმა მხოლოდ სამხედრო მეთოდებით არ შემოიფარგლებოდა, თუმცა იქნებოდა უფრო ყოვლისმომცველი. შექმნილი ვითარების ცხელ ომად ერთი შეხედვით მოულოდნელი ესკალაციის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობა ინტერვენციამდე ერთი თვით ადრე ჰიბრიდული ბრძოლის ველის მომზადებაში დაადანაშაულა“, – ნათქვამია დემოკრატების მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ჯერ კიდევ 20 ივლისს, საქართველოს მთავრობა კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვებგვერდი 24 საათის განმავლობაში გათიშული იყო.

„როდესაც 8 აგვისტოს რუსეთის ჯარი შევიდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ეროვნული ბანკისა და რამდენიმე მედიასაშუალების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმები განხორციელდა. ამ თავდასხმების განხორციელებაში საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა, რაც კრემლმა უარყო. ობამას ადმინისტრაციის დროს, პენტაგონის მაღალჩინოსანი კიბერპოლიტიკის საკითხებში, მაიკ სალმეიერი აცხადებდა, რომ რუსეთის ინტერვენცია იყო „ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ვხედავდით კიბერაქტიურობასთან კომბინირებულ ჩვეულებრივ სახმელეთო ოპერაციას. ამან აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია კომბინირებული ოპერაციის დროს, არამედ ისიც, რომ რუსები მზად არიან, განახორციელონ ეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კიბერთავდასხმებთან გამკლავებაში საქართველოს ესტონეთი და პოლონეთი დაეხმარნენ.

„სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად მოვიდა და მალევე დაიწყო სწრაფვა დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ძლიერი კავშირების დასამყარებლად, რითაც პუტინის რისხვა გამოიწვია.2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე, ნატო-მ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავდა. პუტინმა ამ განცხადებას უპასუხა, რომ ნატო-ს გაფართოება რუსეთის საზღვრებთან „რუსეთში აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“.

ნატო-სთან კავშირების გაღრმავებისკენ მიმართული საქართველოს აქტიური ნაბიჯები, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ელემენტი იყო რუსეთის მიერ ინტერვენციის გადაწყვეტილების მიღებაში, თუ არა ერთადერთი ფაქტორი 2008 წლის რუსეთის ინტერვენციის. მოკლე ომმა იწინასწარმეტყველა რუსეთის ჰიბრიდული ომი ევროპაში, რომელიც მიმართულია ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებისა და კონტინენტზე დემოკრატიის კონსოლიდაციის წინააღმდეგ. დღეს, რუსეთი აღიარებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით განაგრძობს ძალების განთავსებას ოკუპირებულ რეგიონებში. მოსკოვმა ასევე გააფორმა ორ რეგიონთან პარტნიორობისა და სტრატეგიული მოკავშირეობის შეთანხმებები, რითაც კიდევ უფრო გაამყარა გაყინული კონფლიქტი“, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ომს დაემთხვა აშშ-ში ბუშის ადმინისტრაციიდან ობამას ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გადასვლის პერიოდი.

„როგორც ჩანს, ბუშის ადმინისტრაცია ვადის ამოწურვის ბოლო დღეებში, არ ისწრაფვოდა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის სანქციების დაწესებისკენ. ობამას ახალმოსული ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას იმედოვნებდა, რაც აფერხებდა კრემლის აგრესიაზე მნიშვნელოვანი იძულებითი ზომებით რეაგირებას. რუსეთის ქმედებებზე უფრო აგრესიული პასუხის არარსებობის მიუხედავად, ორივე ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო საქართველოში სამთავრობო ინსტიტუტების მშენებელობასა და ნატო-ს სტრუქტურებში მის ინტეგრაციაში“, – ნათქვამია დემოკრატი სენატორების მიერ მომზადებულ ანგარიშში.