აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მხარდაჭერას ნიკა გვარამია სამწუხაროს უწოდებს
აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მხარდაჭერას ნიკა გვარამია სამწუხაროს უწოდებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი რანგის მხარდამჭერი ტექსტი ვრცელდება იმ პროცესის მიმართულებით, რომელიც კატასტროფიულად ცუდად ვითარდება საქართველოში, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“ წერს.

გვარამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან.

აშშ-სა და ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან სასამართლო რეფორმის კანონპროექტის მხარდაჭერას ნიკა გვარამია სამწუხაროს უწოდებს.

„არ მიმაჩნია სწორად, რეალურად არანაირი ეფექტის მომცემ კანონპროექტზე მხარდაჭერისთვის ამგვარი ფორმის მიცემა და, ამის პარალელურად, არც ერთი წინადადების არ თქმა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება პრაქტიკულად არ ხორციელდება.

როგორც ქართული მართლმსაჯულების მსხვერპლი, გამოვთქვამ ღრმა შეშფოთებას (და ბოდიშს ვუხდი ჩემი სამშობლოს და ასევე „რუსთავი 2“-ის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებს – აშშ საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას) ამ განცხადების შესაძლო განვითარების მისამართით: სრულიად ცხადად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ მას გამოიყენებს პოლიტიკური და კორუმპირებული მართლმსაჯულების პოზიტიურად შესანიღბად და ათას სისაძაგლეს ჩაიდენს ამ განცხადებას ამოფარებული (მაგალითად, დანიშნავს მისთვის სასურველ და კორუმპირებულ კადრებს უზენაეს სასამართლოში).

ვწუხვარ, მაგრამ ამ რანგის განცხადების გაკეთებისას, სრულიად არ იქნა გათვალისწინებული საკითხის კონტექსტი და პოლიტიკური მხარე. მოვუწოდებ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ მეტი იმუშავოს ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან, რომ შემდგომში თავიდან იქნას აცილებული კეთილი სურვილებით განპირობებული, თუმცა, ეფექტურად, დემოკრატიის დამაზიანებელი განცხადებები. ჩვენს მეგობრებს კი უმორჩილესად ვთხოვ, მოახდინონ რეაგირება და გააკეთონ შემდგომი მკაფიო განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით“,- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ​სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისაგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან.