აშშ მექსიკის საზღვარზე შეკრებილ 10 000 მიგრანტს სამშობლოში გააძევებს
აშშ მექსიკის საზღვარზე შეკრებილ 10 000 მიგრანტს სამშობლოში გააძევებს

აშშ-ის მთავრობა ათასობით ჰაიტელ მიგრანტს, რომლებიც მექსიკის საზღვარზე არიან შეკრებილი, სამშობლოში დააბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს. სპეციალური რეისების შესრულება 19 სექტემბრიდან დაიწყება და დღეში სულ მცირე რვა რეისი განხორციელდება.

10 ათასი ჰაიტელი მიგრანტი ამჟამად მექსიკისა და აშშ-ის საზღვარზე მდებარე ხიდის ქვეშ იმყოფება. ეს ხიდი ტეხასის ქალაქი დელ რიოს და მექსიკის სიუდად აკუნიას აკავშირებს.

დელ რიოს მერმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. მისი თქმით, სასაზღვრო სამსახური სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს, ხოლო მიგრანტები არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დელ რიოში მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტი 17 სექტემბერს დახურეს. ამის მიზეზად მიგრანტების დიდი ნაკადის გამო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია დასახელდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ადგილზე მოწყობილია რამდენიმე დროებითი თავშესაფარი. მიგრანტების ნაწილს მდინარეში უწევს ბანაობა და ტანსაცმლის გარეცხვა.

მედიის ცნობით, ჰაიტელებთან ერთად საზღვარზე ასევე იმყოფებიან კუბელები, პერუელები, ვენესუელელები და ნიკარაგუელები.

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ჰაიტელი მიგრანტების ნაწილი ის პირები არიან, რომლებმაც სამშობლო 2010 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დატოვეს.