აშშ-მა სირიაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა - ვაშინგტონის ცნობით, სამიზნე ტერორისტების ობიექტები იყო
აშშ-მა სირიაში მყოფ „ალ-ქაიდას“ ლიდერებზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, ტერორისტული დაჯგუფების ობიექტები იდლიბის პროვინციაში იყო განლაგებული. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სამეთაურო შტაბში განმარტავენ, რომ სარაკეტო დარტყმების სამიზნე ტერორისტების ის ლიდერები იყვნენ, რომლებიც აშშ-ისა და მისი პარტნიორი სახელმწიფოების მოქალაქეებს უქმნიდნენ საფრთხეს.
მათივე თქმით, ოპერაციის შედეგად, ტერორისტები ვეღარ შეძლებენ ახალი თავდასხმების მოწყობას. ამასთან, სირიელი უფლებადამცველები აცხადებენ, რომ აშშ-ის იერიშის შედეგად სავარაუდოდ სულ მცირე, 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თუმცა, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.