აშშ-მა და კანადამ ერთმანეთის მიმართ დაწესებული სავაჭრო ტარიფები გააუქმეს
აშშ-მა და კანადამ ერთმანეთის მიმართ დაწესებული სავაჭრო ტარიფები გააუქმეს

აშშ-მა და კანადამ ერთმანეთის მიმართ დაწესებული სავაჭრო ტარიფები გააუქმეს. როგორც ამერიკული მედია ორი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ში კანადიდან შეტანილ ალუმინსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფები გაუქმდება. ამის პარალელურად, კანადამ აშშ-ის ქმედების საპასუხოდ დაწესებული ტარიფები გააუქმა. აშშ-მა ტარიფები კარადასთან ერთად მექსიკასაც მოუსხნა.

მოგვიანებით, ტარიფების გაუქმებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო გამოეხმაურა. მისი განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი კანადას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის ვაჭრობის საკითხში მიღწეული შეთანხმების რატიფიცირების ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

2018 წლის ივნისში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა კანადისა და მექსიკის ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები 25 პროცენტამდე გაზარდა. მალევე კანადამ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ხორცსა და ვისკიზე ანალოგიური ზომები მიიღო. 2018 წლის ნოემბერში კი აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის ვაჭრობის საკითხში შეთანხმება გაფორმდა.