აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტი ლოიდ ოსტინს მოუწოდებს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა დაუშვას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა მიმართვა, რომელიც თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს მოუწოდებს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმა დაუშვას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, მიმართვაში კონგრესმენთა ჯგუფი მოუწოდებს ოსტინს, გააფართოოს უკრაინელი სამხედროების წვრთნების პროცესი ამერიკული „F-16“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.
„12 პილოტის მომზადება, უბრალოდ, არ არის საკმარისი. უკრაინა საომარ მდგომარეობაშია და მას, სხვა ქვეყნებთან შედარებით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს“, – აღნიშნულია მიმართვაში.
ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რადგან უკრაინელებს აღნიშნული პოლიტიკა არ აძლევს საშუალებას, თავი ეფექტურად დაიცვან.
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკ ტერნერის განცხადებით, უკრაინას, შესაძლოა, მიეცეს „გარკვეულ პირობებში“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ სამიზნეებზე თავდასხმის ნებართვა.
კანონმდებლები ასევე მიუთითებენ, რომ კიევი ითხოვს დამატებით, სულ მცირე, „პეტრიოტის“ შვიდ სისტემას „დიდი ურბანული ტერიტორიების“ დასაცავად.