აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციას დაუბრუნა დონალდ ტრამპის საქმე, სადაც უნდა განისაზღვროს, რა მიჯნავს პრეზიდენტის ოფიციალურ ქმედებებს არაოფიციალურისგან
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციას დაუბრუნა დონალდ ტრამპის საქმე, სადაც უნდა განისაზღვროს, რა მიჯნავს პრეზიდენტის ოფიციალურ ქმედებებს არაოფიციალურისგან

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ექსპრეზიდენტისთვის იმუნიტეტის მინიჭების წესთან დაკავშირებით დღევანდელი დადგენილების შემდეგ ქვედა ინსტანციას დაუბრუნა დონალდ ტრამპის საქმე, სადაც უნდა განისაზღვროს, რა მიჯნავს პრეზიდენტის ოფიციალურ ქმედებებს არაოფიციალურისგან.

როგორც ცოტა ხნის წინ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, ექსპრეზიდენტებზე აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალური ქმედების გამო, რომელიც მათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელეს, თუმცა იმუნიტეტით ვერ ისარგებლებენ არაოფიციალური, პირადი ხასიათის ქმედებების გამო.

უზენაეს სასამართლოს დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიმართა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ექსპრეზიდენტს უარი უთხრეს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტის მინიჭებაზე. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტები სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს ფლობენ იმ ქმედებისთვის, რომლებიც თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ყოფნის პერიოდში განახორციელეს და რომ ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს „აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მცდელობასთან“ დაკავშირებით, უნდა გაუქმებულიყო.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, საერთო ჯამში, სისხლის სამართლის ოთხი საქმე არსებობს.

„აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების მცდელობასთან“ დაკავშირებით საქმეს ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის სასამართლოში სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი უძღვება და საქმის განხილვა უზენაესი სასამართლოს დადგენილებამდე შეჩერდა, რომელსაც უნდა განესაზღვრა, ფლობს თუ არა დონალდ ტრამპი იმუნიტეტს.

დიდი ალბათობით, აღნიშნული პროცესი 5 ნოემბრის არჩევნებამდე აღარ განახლდება, რადგან ახლა ქვედა ინსტანციამ ჯერ ის უნდა განსაზღვროს, თუ როდის მოქმედებდა ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილებით და როდის – პირადი მოტივებით.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპის წინააღმდეგ დავობს კიდევ ერთ სისხლის სამართლის ბრალდებაზე ფლორიდის სასამართლოში, რომელიც გასაიდუმლოებული დოკუმენტების არასათანადო განკარგვას ეხება. თუმცა ფლორიდის პროცესი განუსაზღვრელი ვადითაა გადავადებული.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა ჯორჯიის შტატის სასამართლოში – „2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობასთან“ დაკავშირებით. თუმცა ამჟამად ეს საქმე დაპაუზებულია, ვიდრე ჯორჯიის სააპელაციო სასამართლო საქმის პროკურორის, ფანი უილიამსის დისკვალიფიკაციის საკითხს გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი ნიუ იორკის სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი მეოთხე საქმეზე (დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით) 34-ვე ეპიზოდში, რომელიც პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას და აღნიშნული თანხის სამართლებრივ ხარჯებში გატარებას მოიცავს, რაც დოკუმენტების გაყალბებად იქნა აღიარებული.

მედია ასევე აღნიშნავს, რომ ცხრა წევრისგან შემდგარ უზენაეს სასამართლოში დღევანდელ გადაწყვეტილებას მხოლოდ ექვსმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი იყო. აღნიშნული სამი მოსამართლე დემოკრატების მიერ არის დანიშნული, ექვსი კი – რესპუბლიკელების. ამ ექვსიდან სამი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშია დანიშნული.