აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ [ვიდეო]

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

სპეციალურ ვიდეომილოცვაში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე დეივიდ ნორქუისტი და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბრობენ.

„დღეს აღინიშნება თანამედროვე ქართული სახელწიფოს დაფუძნების დღე. ამ ისტორიული მოვლენიდან 102 წლისთავზე საქართველომ, თავისი ხალხის სიმამაცით, შეუპოვრობითა და სიმტკიცით, თანმიმდევრულად გადალახა გამოწვევები და დაამკვიდრა თავისუფლების საფუძვლები. ჩვენი ერისთვის პატივია, რომ საქართველო მისი მეგობარი და პარტნიორია. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სახელით მინდა, გულთბილი მილოცვა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – აცხადებს დეივიდ ნორქუისტი.

თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, ქეთრინ ვილბარგერის თქმით, დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს ძალისხმევას.

​დღეს, როდესაც ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მიესალმება თქვენს ძალისხმევას თავისუფლების, თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ ამ ღირებულებებს და ვამაყობთ ერთობლივი მიღწევებით. დაე, თქვენმა ერმა და ჩვენმა პარტნიორობამ გააგრძელოს წინსვლა მომავალ წლებშიც. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – აღნიშნავს ქეთრინ ვილბარგერი.

დეპარტამენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლაურა კუპერი აღნიშნავს, თავდაცვის დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

„საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მუშაობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სახელით გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. გთხოვთ, მიიღოთ როგორც ჩემი გულთბილი მილოცვა ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, ასევე საუკეთესო სურვილები მშვიდობიანი, თავისუფალი, წარმატებული მომავლისთვის“, – აცხადებს ლაურა კუპერი.

აშშ-ის თავდაცვის ატაშე სტეფანი ბაგლი საქართველოს მადლობას უხდის მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის.

​„საქართველოში მყოფი აშშ-ის თავდაცვის გუნდის სახელით, მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავი. მიუხედავად იმისა, რომ წელს ვერ შეძლებთ დამოუკიდებლობის დღის წესისამებრ საზეიმოდ აღნიშვნას, ვიმედოვნებ, რომ მაინც დატკბეთ ამ მომენტით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მეგობრობის, თანამშრომლობის და უმთავრესად, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შეტანილი წვლილისთვის. საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – აღნიშნავს სტეფანი ბაგლი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მილოცვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.