აშშ-ის სენატი უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტის კანდიდატურას 26 ოქტომბერს უყრის კენჭს
აშშ-ის სენატი უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტის კანდიდატურას 26 ოქტომბერს უყრის კენჭს

აშშ-ის სენატი ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე წარდგენილი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას 26 ოქტომბერს უყრის კენჭს. როგორც „ფოქს ნიუსი“ იუწყება, ამის შესახებ სენატში „რესპუბლიკელთა“ უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

მანამდე, 22 ოქტომბერს ბარეტის კანდიდატურის დასამტკიცებლად კენჭისყრა გაიმართება სენატის იურიდიულ კომიტეტში.

„ჩვენ ხმას მივცემთ მოსამართლის კანდიდატ ბარეტს მომავალ ორშაბათს და ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი მიღწევა ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში, რაც გულისხმობს ფედერალურ სასამართლოებში კაცებისა და ქალების გაგზავნას, რომლებსაც სჯერათ, რომ მოსამართლის სამუშაო კანონის შესრულებაა“, – განაცხადა სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

სენატის მიერ ემი კონი ბარეტის კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის უზენაეს სასამართლოში დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი მესამე მოსამართლე იქნება. მისი მოსამართლედ დამტკიცება უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართლეების უმრავლესობას გააძლიერებს.

აშშ-ის უზენაესი სასამართლო სულ ცხრა წევრისგან შედგება. მოსამართლე სიცოცხლის ბოლომდე ინიშნება.

უზენაეს სასამართლოში ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ თვეში გარდაიცვალა მოსამართლე რუთ გინსბურგი.