აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ს სირიაში ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ირანის საკონსულოზე თავდასხმის შესწავლა დაევალა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, აშშ-ს სირიაში ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მომხდარის შესწავლა დაევალა.
„ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, რათა მეტი ინფორმაცია მივიღოთ მომხდარზე“, – აცხადებს მილერი.
სპიკერის თქმით, ამ ეტაპზე აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინაა მომხდარზე პასუხისმგებელი.
მედიასთან საუბრისას მილერმა ასევე აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს რამე მიზეზს, რომ სირიაში განხორციელებულმა თავდასხმამ გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე მძევლების გათავისუფლების შესახებ.
„ვიდრე ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ, თუ რა მოხდა ზუსტად, არ მსურს ამაზე კონკრეტულად საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვწუხვართ ნებისმიერ რამეზე, რაც რეგიონში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს“, – აღნიშნა მილერმა.
დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად საკონსულოს შენობა განადგურდა. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები, მათ შორის ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრები.