აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. ვაშინგტონი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
„სახელმწიფო მდივანი პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება, რომელიც ვაშინგტონს ამ კვირაში ეწვევა. ამ შეხვედრამდე, მინდა აღვნიშნო, რომ აშშ არ ცნობს საქართველოს „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში 9 ივნისს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებს მის შედეგებს.
ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ნათელია. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვაცხადებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართა. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.
ე.წ. არჩევნების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან, საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნები.