აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაზუსტს უწოდებს რუსეთის ელჩის განცხადებას, რომ 24-მა რუსმა დიპლომატმა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვოს ქვეყანა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაზუსტს უწოდებს რუსეთის ელჩის განცხადებას, რომ 24-მა რუსმა დიპლომატმა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვოს ქვეყანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაზუსტს უწოდებს რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებას, რომ აშშ-მა რუსულ მხარეს 24 რუსი დიპლომატის სია გადასცა, რომლებმაც 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ აშშ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, რუს დიპლომატებს შეუძლიათ, შეიტანონ განაცხადი ვიზების გახანგრძლივებაზე.

„მის მიერ სიტუაციის შეფასება არაზუსტია, ის არასწორია. ეს არის რუსებისთვის ვიზის ვადის სამწლიანი ლიმიტი, არაფერი ახალი. როდესაც ვიზას ვადა ეწურება, როგორც მოსალოდნელია, ამ პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ ან შეიტანონ განაცხადა გახანგრძლივებაზე“, – განმარტა ნედ პრაისმა.

რუსეთის ელჩმა გამოცემა „ნეიშენალ ინტერესტთან“ ინტერვიუში ვაშინგტონი რუსი დიპლომატების მუშაობის შეზღუდვაში დაადანაშაულა. როგორც მან განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს გადასცა 24 რუსი დიპლომატისგან შემდგარი სია, რომლებმაც ქვეყანა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ, მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო.