აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მადრიდში ჩრდილოეთ კორეის საელჩოზე თავდასხმასთან საერთო არაფერი აქვთ
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას არაფერი აქვს საერთო მადრიდში, ჩრდილოეთ კორეის საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმასთან, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, რობერტ პალადინომ გააკეთა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად აკეთებს მოწოდებას, რომ დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული.
ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთმა აშშ-დან იმ პირების ექსტრადიცია მოითხოვა, რომლებიც საელჩოში ჩატარებულ რეიდთან არიან კავშირში.
10 ადამიანისგან შემდგარი დაჯგუფება მადრიდში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს 22 თებერვალს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მექსიკის მოქალაქეა, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.