აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და აშშ-ის ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და აშშ-ის ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ბოლოს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.

„სახელმწიფო მდივანმა პომპეომ კოლეგებთან ნაყოფიერი შეხვედრების შემდეგ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. სახელმწიფო მდივანმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცედ ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თბილისში ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.