აშშ-ის საელჩო - მაიკ პომპეომ და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით [ვიდეო]

საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, რომელმაც, თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები.

ილია მეორისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო დღესვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.