აშშ-ის საელჩო - იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სწრაფად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და მოიპოვა ტესტის რეაგენტები, მათ შორის აშშ-დან
აშშ-ის საელჩო - იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სწრაფად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და მოიპოვა ტესტის რეაგენტები, მათ შორის აშშ-დან

იანვრის დასაწყისში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა სწრაფად მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და სხვადასხვა წყაროებიდან მოიპოვა ტესტის რეაგენტები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ადრეული და ზუსტი გამოვლენა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეზე რეაგირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და უზრუნველყოფს ინფექციის კონტროლირებად დონეზე მართვას (გავრცელების ტემპის შემცირებას) ჰოსპიტალური შესაძლებლობების ფარგლებში.

„საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამ ღონისძიებების განხორციელებაზე გამოყენებული დრო, თანამშრომლების განათლება და საექსპერტო ცოდნა სრულად შეესაბამება დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ანალოგიურ დაწესებულებებს“,- ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც ლუგარის ცენტრის მუშაობას ეხება.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა საქართველოს დიაგნოსტიკური კვლევის შესაძლებლობები გაფართოვდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G) უშუალოდ არ მონაწილეობდა COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტირებაში, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის, აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატის (USAMRD-G), საელჩოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურასა და კვლევით პარტნიორობაში, საექსპერტო ცოდნის გადაცემასა და ტრენინგებში, შესაძლებელი გახადა ეს წარმატება. აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი საქართველოში (USAMRD-G), ასევე, ინტენსიურად მუშაობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და სხვა ამერიკელ პარტნიორებთან, რათა გააფართოვოს საქართველოს დიაგნოსტიკური კვლევის შესაძლებლობები“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.