აშშ-ის მთავრობამ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყო და კონგრესის მიერ 2019 წელს დაწესებული სანქციები ექვსი თვით გააუქმა
აშშ-ის მთავრობამ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულმა ზომამ ექვსი თვით გააუქმა კონგრესის მიერ 2019 წელს დაწესებული სანქციები.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეჩერდა სანქციების აღსრულება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქმიან ურთიერთობას ეწევა სირიელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის სირიის ცენტრალურ ბანკთან.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აშშ გააუქმებდა მძიმე ფინანსურ სანქციებს, რათა დროებით მთავრობას გადარჩენის უკეთესი შანსი მისცეს. ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბიზნესები და ინვესტორები იღებენ სანქციებისგან დაცვას, რაც მათ სირიაში დაბრუნებისთვის სჭირდებათ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, ტრამპი სირიის მთავრობისგან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით სწრაფ ქმედებებს ელის.