აშშ-ის კონგრესში რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს
აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“. რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 339-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი.
„2014 წელს როდესაც რუსეთი უკრაინაში აგრესიული ქმედებების გამო „დიდი შვიდიანის“ ჯგუფიდან გარიცხეს, დანარჩენმა ექვსმა წევრმა შეიმუშავა მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს, რათა რუსეთი დაბრუნდეს „დიდი შვიდიანის“ სამიტებზე. რუსეთმა არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა და უფრო მეტი აგრესია გამოავლინა უკრაინაში, ასევე ძირს უთხრიდა დემოკრატიას მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებული რეზოლუციის ავტორი, კონგრესმენი ალბიო საირესია. მან დოკუმენტი მას შემდეგ წარადგინა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიწვევა სურს.