აშშ-ის კონგრესმა ქვეყნების მეთაურებს მოუწოდა, არ დაესწრონ პეკინის ოლიმპიადას #1TVSPORT
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ აუცილებელია პეკინში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების „დიპლომატიური ბოიკოტი“. პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ჩინეთში ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან უიგურების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევასა და გენოციდს. ამიტომაც, პელოსიმ მოუწოდა ქვეყნების მეთაურებს, უარი თქვან პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობაზე.
„მოდით, ნუ მივანიჭებთ ჩინეთის მთავრობას პატივს და ნუ გავგზავნით ქვეყნების მეთაურებს ჩინეთში სპორტსმენების მხარდასაჭერად. ოლიმპიელებს სახლში ვუგულშემატკივროთ“, – განაცხადა პელოსიმ BBC-სთან კომენტარისას.
ამასთან, სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ სპორტსმენებს უნდა ჰქონდეთ ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა, თუმცა, გააკრიტიკა კომპანიები, რომლებიც პეკინის თამაშების სპონსორები არიან.
პეკინში ზამთრის ოლიმპიადა 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.