აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ცნობით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო
აშშ-ის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ცნობით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო

აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ბიუროს ცნობით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაცული იყო. შესაბამის განცხადებას სააგენტოს ექსპერტებთან ერთად ხელს აწერენ ის კომპანიებიც, რომლებიც აშშ-ის არჩევნებზე ხმების დასათვლელად ტექნიკურ აღჭურვილობას აწვდიან საარჩევნო ადმინისტრაციებს.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ არჩევნების დაცულობასა და სამართლიანობაში“, – ნათქვამია 12 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი დაუსაბუთებელი ბრალდება და დეზინფორმაცია ვრცელდება.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნების დროს არაერთი დარღვევა და თაღლითობა დაფიქსირდა, რის გამოც ის არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ აღიარებს.

7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელეს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება.