აშშ-ის ღია 2022 - სტეფანოს ციციპასმა მსოფლიოს 94-ე ნომერთან ზედიზედ 11 გეიმი წააგო და ბრძოლას გამოეთიშა #1TVSPORT
აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა. პირველივე წრეში წააგო შეხვედრა ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა. მან ოთხ სეტში დათმო შეხვედრა მსოფლიოს 94-ე ჩოგანთან, კოლუმბიელ დანიელ გალანთან – 0:6, 1:6, 6:3, 5:7.
ციციპასმა მთლიანად ჩააგდო მატჩის სტარტი – ზედიზედ წააგო საწყისი 11 გეიმი. გალანმა პირველ სეტში მხოლოდ შვიდი ქულა დათმო და მესამე ჩოგბურთელი გახდა რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ, ვინც „მშრალი“ ანგარიშით მოუგო პარტია ბერძენს. ციციპასმა პირველ ორ სეტში 27 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ რვა „ვინერსი“ ჩააგდო.
ბერძენის მარცხის მიზეზი, შესაძლოა, ფიზიკური მდგომარეობა იყო, რადგან იდაყვის ტკივილის გამო, ორჯერ მოითხოვა სამედიცინო ტაიმაუტი, არადა, ციციპასი თითქოს კარგ ფორმაში შეხვდა ტურნირს, რადგან ცოტა ხნის წინ ცინცინატის „მასტერსის“ ფინალში ითამაშა.
მიუხედავად ამისა, ციციპასს ჰქონდა ქამბექის შანსი – მოიგო მესამე სეტი და მეოთხეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო. მან რვა მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ გალანმა მეცხრე ცდაზე მაინც შეძლო მეორე წრის საგზურის მოპოვება – გადამწყვეტი ქულა მას ბერძენის რიგით 56-ე უნებლიე შეცდომამ მოუტანა.