აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკის ორდერს პირადად მოაწერა ხელი
აშშ-ის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ პირადად მოაწერა ხელი ორდერს დონალდ ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკის შესახებ. ეს განცხადება მერიკ გარლანდმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ეს არის პირველი ოფიციალური განცხადება, რომლითაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკა დადასტურდა.
ამასთან ერთად, გარლანდმა აღნიშნა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უკვე მოითხოვა სასამართლოსგან სახლის ჩხრეკის ორდერის გასაჯაროება, რაც მისი თქმით, „საზოგადოების მაღალი ინტერესით არის ნაკარნახევი“.
დონალდ ტრამპის სახლი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ორშაბათს გაჩხრიკეს. საქმე ეხება ინფორმაციას, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან უკანონოდ წაიღო დოკუმენტები.
ჩხრეკის შემდეგ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, რომელსაც მერიკ გარლანდი ხელმძღვანელობს, ხისტი კრიტიკისა და ონლაინმუქარების სამიზნე გახდა. ტრამპის მომხრეებმა და რესპუბლიკელების ნაწილმა დემოკრატებს მართლმსაჯულების ტრამპის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში დასდო ბრალი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ცინცინატში მდებარე ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შენობაში უცნობი პირი შეეცადა შეჭრას, რასაც მამაკაცსა და სამართალდამცავებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა. აშშ-ის მთავარმა პროკურორმა და იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თავდასხმა დაგმო და თქვა, რომ ის არ აპირებს გაჩუმებას, როდესაც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებს უსამართლოდ ესხმიან თავს.