აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომელიც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ეხებოდა, მათ შორის, საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს.
აკრძალვა ეხებოდა საიმიგრაციო ვიზებს – ოჯახის წევრებთან შეერთების ან სამუშაოს დაწყების მიზნით, მაგრამ არ ვრცელდებოდა არაიმიგრაციულ ვიზებზე, როგორებიცაა ტურისტული ან სტუდენტური ვიზები.
მოსამართლის განცხადებით, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და აღნიშნული პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგებოდა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ საიმიგრაციო ვიზებზე უარის თქმა საჭირო იყო, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ.
ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. კანონით კი, თითოეული განმცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა.
სიაში შესული 75 ქვეყნის უმეტესობა აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებია, მათ შორის არიან აშშ-ის მოკავშირეებიც – იორდანია და ეგვიპტე.
როგორც „სიენენი“ იტყობინება, გადაწყვეტილება აუქმებს ყველა იმ სავიზო უარს, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა და შესაძლოა, ათასობით განაცხადის ხელახალი განხილვა გახდეს საჭირო.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.