აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლას მიესალმებიან
აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლას მიესალმებიან

აშშ-ის და ევროკავშირის ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლას მიესალმებიან.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, ეს შესაძლოა, მშვიდობისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყოს. მან მომხდარს კარგი ამბავი უწოდა და რუსეთს და უკრაინას მიულოცა.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა იმედი გამოთქვა, რომ პატიმრების გაცვლა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განახლებას და მინსკის შეთანხმებების შესრულებას იმპულსს მისცემს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა კიევსა და მოსკოვს შორის პატიმრების გაცვლას „შვება“ უწოდა. მან რუსეთს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

„როგორც იქნა! ოლეგ სენცოვისა და უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება შვებას მგვრის. კვლავ მოვუწოდებ რუსეთს, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ“, – დაწერა დონალდ ტუსკმა „ტვიტერზე“.

თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლება შესაძლებელი გახდა იურისტების, აქტივისტების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა ძალისხმევით.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის აზრით, პატიმრების გაცვლა არის დამაიმედებელი ნაბიჯი რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დარეგულირებისკენ და მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესის მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

რუსეთმა და უკრაინამ დღეს 35-35 პატიმარი გაცვალეს. კიევში რუსეთიდან დაბრუნდნენ ქერჩის სრუტესთან დაკავებული 24 მეზღვაური და კიდევ 11 პოლიტპატიმარი, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი. მათ უკრაინის დედაქალაქში ოჯახის წევრებთან ერთად პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დახვდა.