აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – აშშ-ისა და საუდის არაბეთის გამანადგურებლებმა ერაყში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ, ეს იყო მკაცრი პასუხი საჰაერო თავდასხმაზე
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ და საუდის არაბეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ, რომელთა მოქმედებებსაც აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მიზნით „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ წარმართავდა, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა“.
„აშშ-ისა და საუდის არაბეთის გამანადგურებლებმა აღმოსავლეთ ერაყში ტერორისტების ლოგისტიკისა და იარაღის შესანახ რამდენიმე ობიექტზე მიიტანეს იერიში. ეს იყო მკაცრი პასუხი ბოლო 72 საათის განმავლობაში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ მართულ 30-ზე მეტ საჰაერო თავდასხმაზე, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. აშშ-ის ძალების წინააღმდეგ მიმართული ეს უსაფუძვლო თავდასხმები წარუმატებელი აღმოჩნდა. 2026 წლის თებერვლიდან აპრილამდე ერაყში მოქმედი ირანთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებების მიერ აშშ-ის მოქალაქეებსა და ობიექტებზე თავდასხმის 600-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა. აშშ-ის შემდგომი სამხედრო რეაგირების თავიდან ასაცილებლად „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ და მისმა ტერორისტულმა პროქსი ჯგუფებმა უნდა შეწყვიტონ თავდასხმები“, – აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალებმა ირანიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მათი ინფორმაციით, ეს იყო ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობა, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს.
— U.S. Central Command (@CENTCOM) July 29, 2026