აშშ ჰონკონგში ძალადობისა და პოლიტიკური არეულობის გაღრმავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

09:57, 19.11.2019

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ჰონკონგში ძალადობისა და პოლიტიკური არეულობის გაღრმავებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. პომპეო მოუწოდებს ჰონკონგის ლიდერს, უპასუხოს საზოგადოების წუხილს.

გარდა ამისა, პომპეოს თქმით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს ჰონკონგელებს და შეასრულოს დანაპირები.

„არეულობა და ძალადობა მხოლოდ სამართალდამცავი უწყებების მიერ ვერ გადაწყდება. მთავრობამ უნდა გადადგას მკაფიო ნაბიჯები და უპასუხოს ხალხის წუხილს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ჰონკონგში საპროტესტო გამოსვლები უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება. დემონსტრაციის მონაწილეები ჰონკონგზე ჩინეთის მხრიდან არსებული გავლენით არიან უკმაყოფილო. აქტივისტები თავისუფალ არჩევნებს, დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის დამოუკიდებელ გამოძიებას, 2000-ზე მეტი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებასა და ჰონკონგის ლიდერ კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი