აშშ-ის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირს რეიტინგის ლიდერი სიმონა ჰალეპი გამოეთიშა
„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირზე, აშშ-ის ღია პირველობაზე პირველი სათამაშო დღე დაიწყო და ერთ-ერთ პირველ მატჩში ბრძოლას ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი, რუმინელი სიმონა ჰალეპი გამოეთიშა. მან საათსა და 17 წუთში ესტონელ კაია კანეპისთან წააგო, რომელიც მსოფლიოს 44-ე ნომერია.
პირველ სეტში, ბალტიისპირელმა თავის გეიმებში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო და ბრეიკ-პოინტამდე მეტოქე არ მიუშვა, თავად კი, ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
კანეპიმ მეორე სეტში ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ჰალეპმა მოახერხა ამ პარტიაში გაბრძოლება – რუმინელმა ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და გამოიყენა, რითაც ანგარიში გაათანაბრა – 4:4. იქვე კანეპიმ მატჩში მეხუთე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზეც ჩააწოდა – 6:2, 6:4.
ჰალეპმა ზედიზედ მეორედ წააგო ამერიკის ღია პირველობაზე პირველი წრე, კანეპიმ კი კარიერაში მეორედ მოუგო მსოფლიოს პირველ ჩოგანს. მანამდე დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი დაამარცხა.