დორტმუნდის „ბორუსიის“ მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ გერმანიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში სისწრაფის რეკორდი დაამყარა.
„ბორუსიამ“ საკუთარ სტადიონზე „ლეიპციგი“ მიიღო. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ დასრულდა – 3:3.
თამაშის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში აშრაფ ჰაკიმიმ საოცარი სიჩქარე აკრიფა – 36.2 კილომეტრი საათში და როგორც მოგვიანებით აღმოაჩინეს, ეს ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდული სისწრაფეა.
საინტერესოა, რომ 100 მეტრზე დისტანციაში მსოფლიო რეკორდი 37.7 კ/ს-ია და ჰაკიმი ამ მაჩვენებლს ძალიან მიუხლოვდა.
წარმოშობით მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი 21 წლის არის და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელია, თუმცა ამჟამად „ბორუსიაში“ იჯარით არის წარგზავნილი.
ჰაკიმი მაროკოს ეროვნული ნაკრების წევრია და ამ ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.