ასე უყვართ საქართველოში ფეხბურთი - ქუთაისში პოსტკარანტინული პერიოდის რეკორდი დამყარდა
ასე უყვართ საქართველოში ფეხბურთი - ქუთაისში პოსტკარანტინული პერიოდის რეკორდი დამყარდა

ქუთაისის „ტორპედოს” გულშემატკივრებმა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში პოსტკარანტინული პერიოდის დასწრების რეკორდი დაამყარეს – ეროვნული ლიგის მე-9 ტურის შეხვედრა „ტორპედოსა” და „თელავს” (1:1) შორის, რომელიც „რამაზ შენგელია – არენაზე” გაიმართა, სტადიონის 33 პროცენტი შეივსო.

მაგრამ აქ პროცენტები იმდენად არაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც კონკრეტული ციფრი – სტადიონზე დასწრება 4 ათასამდე მაყურებელს შეეძლო და ეს ადგილები სრულად შეივსო, რაც კარანტინის შემდგომ პერიოდში ეროვნული ლიგის მატჩებზე სარეკორდო მაჩვენებელია. ისიც აღსანიშნავია, რომ რეგულაციების გამო მატჩს ბევრი გულშემატკივარი ვერ დაესწრო და საყვარელ გუნდს სტადიონის გარე ტერიტორიიდან ქომაგობდა.

ქუთაისის „ტორპედოს” ადმინისტრაციამ ერთგულ ქომაგს თანადგომისთვის მადლობა ოფიციალურ გვერდზე გადაუხადა:

„მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, რომელმაც ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო შექმნა. მადლობა ასევე იმ უამრავ გულშემატკივარს, რომელიც რეგულაციების გამო მატჩს ვერ დაესწრო და საყვარელ გუნდს ტრიბუნიდან ვერ უგულშემატკივრა. ამ ტრიბუნებს კიდევ ბევრჯერ გავავსებთ… აქ ფეხბურთი სხვანაირად უყვართ!” – წერია ქუთაისის „ტორპედოს” განცხადებაში.

ბოლო წლებში დასწრების რეკორდიც ქუთაისელ გულშემატკივრებს ეკუთვნით: 2018 და 2019 წლების სეზონში, ქუთაისის „ტორპედოსა” და თბილისის „დინამოს” შეხვედრებს 9 და 10 ათასი მაყურებელი დაესწრო.