ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდი 2018 წლის მარტიდან მოკავშირე ძალების ბრიტანულ-ამერიკულ ფონდთან (ALLIED FORCES Foundation) და ორგანიზაცია Give an Hour-თან აქტიურად ითანამშრომლებს, – ინფორმაციას ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.
მხარეებმა თანამშრომლობის სურვილი შეხვედრაზე დაადასტურეს, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ბოკერია, Give an Hour-ის დამფუძნებელი ბარბარა ვან დალენი, ვიცე-პრეზიდენტი რენდი ფელპი და მოკავშირე ძალების ფონდის პრეზიდენტი სტიუარტ ტეილორი ესწრებოდნენ.
„ორივე საერთაშორისო ორგანიზაციის ხედვა და მისია სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას გულისხმობს. ფონდი „არველაძე“ დაჭრილ აქტიურად თანამშრომლობს სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდთან, რომელიც 2016 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაფუძნდა. თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი ფონდი გასულ წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს დაეხმარა“, – წერია არველაძეების ფონდის განცხადებაში.
მოკავშირე ძალების ბრიტანულ-ამერიკული ერთობლივი ფონდის (ALLIED FORCES Foundation) მიზანი დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაა. ბოლოდროინდელ კონფლიქტებში დაჭრილი მოკავშირე თანამებრძოლების დახმარებასთან ერთად, ფონდის ერთ-ერთი მთავარი მისია თანამებრძოლებისა და მათი ოჯახების წინაშე არსებული გამოწვევების ცნობიერების ამაღლებაა.
Give an Hour არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2005 წელს აშშ-ში დაფუძნდა და სამხედრო კონფლიქტებიდან დაბრუნებული სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას უზრუნველყოფს. Give an Hour აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის ფსიქიატრიულ და სოციალურ მუშაკთა ეროვნულ ასოციაციებთან, ასევე, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
„გამოწვევები, რომლის წინაშეც სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დგანან, ხშირად იწვევს ემოციურ ტკივილსა და ტანჯვას. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს უამრავი ადამიანის პრობლემაა. სწორედ აღნიშნული მისიის ფარგლებში, Give an Hour ეროვნული გვარდიის, ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის თავისუფალი, ფსიქიატრიული დახმარების გაწევას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია არველაძეების ფონდის განცხადებაში.