არველაძეების ფონდმა საქმიანობა განაახლა
არველაძეების ფონდმა საქმიანობა განაახლა

ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდის ცნობით, ორგანიზაციამ საქმიანობა განაახლა.

„პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონში, ჩვენი ფონდის საფეხბურთო სკოლებმა ვარჯიში განაახლეს. ფხვენისის საფეხბურთო მოედანზე ნიქოზისა და დიცის გუნდების მატჩი გაიმართა. თამაშამდე, მოზარდებმა ფონდისგან საჩუქრად ახალი ბურთები მიიღეს. უახლოეს მომავალში, ყველა მათგანს, საჩუქრად ბუცები და საფეხბურთო ინვენტარი გადაეცემა,“ – წერია ფონდის განცხადებაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, არველაძეების ფონდმა გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მცირეოდენი რისკიც კი დაუშვებელი იყო. ამიტომ ვირუსის აღმოფხვრამდე, შეაჩერეს ფონდის ყველა პროექტი, საწვრთნელი პროცესი და ტურნირები.

არველაძეების ფონდი წლებია საქმიანობს და არაერთი პროექტი განახორციელა – „საფეხბურთო თერაპია“, რომელიც შედეგადაც არაერთ რეგიონში საფეხბურთო ჯგუფები ჩამოყალიბდა, საოკუპაციო ზოლთან საფეხბურთო მოედნები ააშენეს, გამორჩეულ ბავშვებს კი არველაძეების ფონდმა სტიპენდიები დაუნიშნა.