„არსენალის“ მწვრთნელმა დავითაშვილის გუნდიდან წასვლით უკმაყოფილება არ დამალა #1TVSPORT
„არსენალის“ მწვრთნელმა დავითაშვილის გუნდიდან წასვლით უკმაყოფილება არ დამალა #1TVSPORT

ტულის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოზოვიჩმა ზურიკო დავითაშვილის კლუბიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა და უკმაყოფილება ვერ დამალა.

რამდენიმე დღის წინ კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ყოფნისას განცხადება გააგზავნა კონტრაქტის გაწყვეტის მოთხოვნით.

„მან უკვე დატოვა კლუბი. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მან ეს ლამაზად არ გააკეთა, რადგან წინასწარ არავის არაფერი უთხრა“, – განაცხადა ბოზოვიჩმა „სპარტაკთან“ მატჩის წინ Match Premier-ის ეთერში.

თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ფიფა-მ საგანგებო განცხადებაში გარკვევით მიუთითა – რუსულ კლუბებთან ლეგიონერებს პრობლემები რომ არ შექმნოდათ, მიეცათ უფლება, არსებული კონტრაქტები დროებით გაუფრთხილებლად შეეჩერებინათ. ასე რომ, რუსულ კლუბთან დავითაშვილს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის და დასავლეთის სანქციები შეეხო „როსტეკს“, რომელიც „არსენალის“ სპონსორი იყო და გუნდი დატოვა. ონლაინ გამოცემა RB Sport იტყობინება, რომ აპრილში კლუბში სერიოზული ფინანსური პრობლემები დაიწყო. წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელებს ხელფასების დაგვიანების შესახებ გამოუცხადეს – მარტის თანხის გადახდას დაპირდნენ არა უადრეს მაისისა. ასევე, ბევრ სფეროში შემცირდა ხარჯები: მაგალითად, სასადილოში ფეხბურთელებს კვება გაუუქმეს, რაც საკლუბო ცხოვრებაში სერიოზული ჩავარდნაა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბს ისე გაუჭირდა, ალტერნატიულ ინვესტორს ეძებს და ცდილობს, რუსეთის საფეხბურთო კავშირში ლიცენზირების საკითხი მოაგვაროს.