არსებული ინფორმაციით, კლინიკა „თიმის“ ექთნის ინფიცირების წყარო სასულიერო პირია
არსებული ინფორმაციით, კლინიკა „თიმის“ ექთნის ინფიცირების წყარო სასულიერო პირია

არსებული ინფორმაციით, კლინიკა „თიმის“ ექთნის ინფიცირების წყარო სასულიერო პირია. გავრცელებული ცნობით, სასულიერო პირი მისი ძმაა. კლინიკაში აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

გვიან ღამით, კორონავირუსი კლინიკა „თიმის“ კიდევ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკა „თიმის“ (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი) დირექტორმა გიორგი კაჭახიძემ დაუდასტურა. მისივე თქმით, ინფიცირების წყარო ამ შემთხვევაში არ არის ის თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა.

„ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. წყარო არის ერთ-ერთი თანამშრომელი. არა ის, ვისაც პირველად დაუდასტურდა ვირუსი, არამედ ერთ-ერთი ექთანი, რომელიც იყო ასიმპტომური და დღემდე უსიმპტომოა. როგორც ჩანს, ის არის წყარო. დაინფიცირებულები არიან მასთან ერთად წყვილში მომუშავე მედიკოსები“, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

კლინიკა „თიმის“ დირექტორის თქმით, ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით დამატებით ვერაფერს იტყვის, ამას ეპიდემიოლოგები დაადგენენ.

„ინფორმაციაზე, რომ სასულიერო პირისგან გადაედო ექთანს, ვერაფერს გეტყვით. ინფორმაცია მხოლოდ იმაზე მაქვს, რაც ჩვენს კლინიკაში ხდება. დანარჩენს ეპიდემიოლოგები დაადგენენ. ტესტი ჩაუტარდა ბევრ საეჭვო თანამშრომელს და დაუდასტურდა ამ დროისთვის სულ ხუთს. საბედნიეროდ, ჩვენი პერსონალისგან არც ერთ პაციენტს არ გადასდებია ვირუსი. ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვაქვს“, – აღნიშნა კლინიკა „თიმის“ დირექტორმა, გიორგი კაჭახიძემ.

კლინიკა „თიმის“ (თბილისის მედიცინის ინსტიტუტი) კიდევ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა. საავადმყოფო ორი კვირით დაიხურა. 30-მდე ექიმი კარანტინში იმყოფება.