არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის, თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ

11:46, 09.09.2025

გიორგი გახარიას პარტიის რვა წევრმა, შესაძლოა, პოლიტიკური ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში შევიდეს.

არსებული ინფორმაციით, გახარიას პარტიის რვა წევრმა, რომლებიც მანდატშეჩერებული დეპუტატების ადგილმონაცვლეები არიან, პარლამენტში შესვლის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართეს.

ესენი არიან: თამარ ხვედელიანი, ვიკა ფილფანი, გიგა ფარულავა, გიორგი შარაშიძე, მალხაზ თორია, გელა აბულაძე, სალომე კობალაძე და სოფიო ხორგუანი.

„ჩვენს კომიტეტს დაეწერა განცხადებები ამ პირთა მხრიდან, ვინც შესაბამისობის კრიტერიუმის დაცვას ახდენენ. ანუ, იმ თანამდებობებზე ამბობენ უარს, რომლებიც შეუთავსებელია პარლამენტის წევრობასთან და ასე შემდეგ. მათი მხრიდან მიმდინარეობს დოკუმენტალური მომზადების პროცესი, რათა შემობრძანდნენ პარლამენტში. გახარიამაც შეცდომად აღიარა ის ყველაფერი, რაც მათ ჩაიდინეს. ეს არის აგენტურული ოპოზიციის ხვედრი, საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებენ, დავალებებს ასრულებენ და ისეთი შეცდომები მოსდით, როგორიც პარლამენტში არშემოსვლა იყო“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი არ შეუწყვეტიათ.

„ჩვენ არანაირი პროცედურები საქართველოს პარლამენტთან არ ჩაგვიტარებია. არანაირი მიმართვა არ გაგვიკეთებია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ და აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებენ.

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება 2 სექტემბერს ცნო.

გახარიასა და მისი 11 თანაგუნდელის ადგილმონაცვლეები არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, რუსუდან თევზაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.

ცნობისთვის, გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.

მსგავსი