გიორგი გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა
დღეს გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა, – განაცხადა პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას.
გახარიას თქმით, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსია დარჩენილი და შეძლებენ თუ ვერა მის გამოყენებას, დამოკიდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.
„ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. პირველ რიგში, ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა ქვეყანა დააყენა მდგომარეობაში, როდესაც 4 ოქტომბრის არჩევნები ასე ჩატარდება თუ ისე ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ქვეყანას ბევრად უფრო დიდი გამოწვევები და რისკები აქვს. არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. არჩევნების შემდეგ რა იქნება, ეს არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გახარია აცხადებს, რომ საარჩევნო სიის 12 წევრის პარლამენტში შესვლის საკითხზე პოლიტსაბჭო იმსჯელებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. მანვე პარლამენტში მათი შესვლა არ გამორიცხა, თუმცა განმარტა, რომ ეს დამოკიდებული იქნება 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარებაზე.
გახარიას თქმით, მას არ სურდა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს არსებული ფორმა მიეღო და ამ საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები ჰქონდა „ლელოსთან“, თუმცა უშედეგოდ.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გახარიას პარტიის საარჩევნო სიის მომდევნო 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას დღეს მხარი დაუჭირა.