არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „თელავში“ ითამაშებს - გუნდმა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი „თელავში“ ითამაშებს - გუნდმა ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

მოახლოებული სეზონისთვის საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ 11 ახალი ფეხბურთელი წარადგინა.

კახურ კლუბში კარიერას გააგრძელებს „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი მუხრან ბაგრატიონი, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. მუხრანს იწვევდნენ საქართველოს ყველა ასაკობრივ (U17, U18, U19) ნაკრებში, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია. ასევე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია 21 წლის დავით გოგოტიშვილი, რომელიც „დინამო 2“-სა და საქართველოს ასაკობრივ (U17, U19) ნაკრებებში თამაშობდა.

20 წლის ლადო ოდიშვილი „ლოკომოტივი 2“-სა და პოლონურ „ილანკა რჟეპინაში“ გამოდიოდა. 19 წლის ალეკო ანანიძე მცველია, თამაშობდა ქობულეთის „შუქურაში“, რამდენიმე მატჩი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებშიც ჩაატარა.

„თელავის“ ახალწვეულთაგან ყველაზე გამორჩეული 31 წლის არგენტინელი ჯინო პერუცია, რომელმაც კარიერა „ველეს სარსფილდში“ (არგენტინა) დაიწყო, ასევე იყო „კატანიას“ (იტალია), „ბოკა ხუნიორსის“ (არგენტინა), „ნასიონალის“ (ურუგვაი), „სან ლორენსოსა“ (არგენტინა) და „ალიანსას“ (პერუ) ფეხბურთელი. პერუციმ 5 მატჩი არგენტინის ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა.

გუნდის ახალწვეულთა შორისაა 32 წლის სერბი მცველი სტეფან ბუკორაცი, რომელიც წლების წინ „დინამო თბილისში“ თამაშობდა, ბოლოს კი ყარაღანდის „შახტიორში“ გამოდიოდა.

29 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი რუბენ ოლივეირა თამაშობდა „ფეირენსეში“, „ვიტორია გიმარაეშში“, „ავეშში“, „სანტა კლარაში“, ბოლოს კი პორტუგალიის სეგუნდალიგის (რანგით პირველი ლიგა) „ბელენენსეშის“ წევრი იყო. რამდენიმე წლის წინ გამოიძახეს პორტუგალიის 20-წლამდელთა ნაკრებში, მაგრამ არ უთამაშია.

27 წლის სლოვაკი ნახევარმცველი ფილიპ ლესნიაკი „კოშიცეში“ (სლოვაკეთი) თამაშობდა, საიდანაც მიიწვიეს „ტოტენჰემში“ (ინგლისი), ასევე გამოდიოდა „ლიბერეცში“ (ჩეხეთი), „ოლბორგში“ (დანია), „სილკებორგში“ (დანია) და პლოცკის „ვისლაში“ (პოლონეთი), იყო სლოვაკეთის ყველა ასაკობრივი (U15, U16, U17, U19 და U21) ნაკრების მოთამაშე.

„თელავმა“ სამი თავდამსხმელიც დაიმატა: გიორგი ხაბულიანი, თორნიკე ახვლედიანი და მაქსიმ მაიროვიჩი (რუსეთი).

19 წლის გიორგი ხაბულიანმა კარიერა თბილისის „მერანში“ დაიწყო, შემდეგ თამაშობდა „თელავში“, „ადანა დემირსფორში“ (თურქეთი) და „ლევანტე 2“-ში (ესპანეთი), უთამაშია საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებში.

24 წლის თორნიკე ახვლედიანი გამოდიოდა „გაგრაში“, „ლეგანესი 2“-ში (ესპანეთი), „ზესტაფონში“, „დინამო თბილისში“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და „სამტრედიაში“.

27 წლის მაქსიმ მაიროვიჩი „ჩერტანოვოს“ აკადემიის აღზრდილია.