არგენტინიდან შორეულ აზიამდე - კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინიდან შორეულ აზიამდე - კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება [ვიდეო] #1TVSPORT

25 აგვისტოს კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. გათამაშებას ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია ერთობლივად უმასპინძლებენ. ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც FIBA-ს მსოფლიო თასისთვის აზიის კონტინენტზე ერთმანეთს პლანეტის უძლიერესი ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უდიდეს საკალათბურთო ასპარეზზე პირველად გავა. აღნიშნული შეჯიბრება, ერთგვარად, იმ ლამაზი ისტორიის დასასრული იქნება ნაკრების რამდენიმე წევრისთვის, რომელიც 2011 წელს, ლიეტუვაში ჩატარებულ ევრობასკეტზე დაიწყო. „ჯვაროსანთა“ დებიუტი ელიტურ სანაკრებო ტურნირზე სწორედ მაშინ შედგა.

ისტორიული ექსკურსი

კალათბურთში პლანეტის პირველობის გამართვის გადაწყვეტილება FIBA-ს 1948 წლის ლონდონის კონგრესზე მიიღეს. იმ წელს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიო კალათბურთის მმართველებმა შენიშნეს, რომ მათი სპორტისადმი საზოგადოების ინტერესი მზარდი იყო და მსოფლიოში კალათბურთი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა.

1950 წელს გაიმართა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც, FIFA-ს სადებიუტო მუნდიალის მსგვასად, სამხრეთ ამერიკამ უმასპინძლა. თუ ფეხბურთში პლანეტის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად 1930 წელს ურუგვაიში შეიკრიბნენ, FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინამ მიიღო. სცენარი, შედეგის თვალსაზრისითაც, ფეხბურთისას ჰგავდა, ფინალში მასპინძელი გავიდა. არგენტინამ გადამწყვეტ შეხვედრაში აშშ-ის ნაკრები 64:50 დაამარცხა. MVP-ი არგენტინელი ოსკარ ფურლონგი გახდა.

მომდევნო ოთხი მსოფლიო პირველობაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარდა – 1954 წელს ტურნირს ბრაზილიამ უმასპინძლა, 1959-ში – ჩილემ, 1963-ში – ისევ ბრაზილიამ, ხოლო 1967 წელს – ურუგვაიმ. თუ 1950 წელს გათამაშებაში მონაწილეობას 10 ნაკრები იღებდა, 1954-ში 12 მონაწილეობდა, ხოლო მომდევნო წლებში – 13. ევროპის კონტინენტის წარმომადგენლებმა პირველი ტიტული 1967 წელს მოიპოვეს, პლანეტის უძლიერესი გუნდი კალათბურთში საბჭოთა კავშირი გახდა. 1967 წლის მუნდიალი იმითაც გამორჩეულია, რომ პირველად ჩატარდა საკვალიფიკაციო ეტაპი.

დიდი საკალათბურთო ზეიმის მომსწრე ევროპის კონტინენტი 1970 წელს გახდა, ტურნირი იუგოსლავიამ მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რის შემდეგაც დაიწყო საბჭოთა კავშირისა და იუგუსლავიის ნაკრებების დომინირების ეპოქა. 1967 წლიდან 1990 წლამდე ფინალს ან ერთი ქვეყნის კალათბურთელთა კრებული თამაშობდა, ან მეორესი. 1967, 1974, 1978 და 1990 წლებში კი გადამწყვეტი შეხვედრა სულაც ორივეს მონაწილეობით შედგა.

1989 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, FIBA-ს მსოფლიო თასსა და ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მისცეს პროფესიონალ მოთამაშეებს, იზრდებოდა მონაწილეთა რაოდენობაც (2019 წელს პირველად 32 გუნდი თამაშობდა პლანეტის პირველობაზე). 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებმა ყველა დროის უძლიერესი შემადგენლობა ჩაიყვანა. მეორე „ოცნების გუნდს“ უწოდებდნენ 1994 წლის აშშ-ის ნაკრებს. კანადაში გამართულ მუნდიალის ფინალს აშშ-სა და რუსეთის ნაკრებებს შორის დღემდე სარეკორდო რაოდენობის მაყურებელი დაესწრო – 32 616. ამერიკელთა შემადგენლობაში რეჯი მილერი, შონ კემპი და შაკილ ო’ნილი ირიცხებოდნენ, რომელიც ტურნირის MVP-ი გახდა.

მე-20 საუკუნის უკანასკნელი და 21-ე საუკუნის პირველი მუნდიალებიც იუგოსლავიის ნაკრებმა მოიგო, ხოლო შემდეგ დადგა ესპანელთა ზეობის ხანა. ამ საუკუნეში პირენეელებმა 4-ჯერ – ევრობასკეტის, ხოლო 2-ჯერ მსოფლიოს თასი აღმართეს.

მსოფლიო ჩემპიონები

ყველაზე მეტჯერ FIBA-ს მსოფლიო თასი იუგოსლავიამ და აშშ-მა მოიგეს, 5-5-ჯერ. 3 გზის მსოფლიო ჩემპიონია საბჭოთა კავშირის ნაკრები, 2-2 გზის – ბრაზილია და ესპანეთი, ხოლო ერთხელ პლანეტის საუკეთესო საკალათბურთო გუნდის წოდება არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა. ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 6 ქვეყანა ფლობს, რომელთაგანაც 2 დღეს აღარ არსებობს.

სამივე სინჯის მედლის გათვალისწინებით, რეკორდსმენი აშშ-ის ნაკრებია. ამერიკელები 12 მედალს ფლობენ (5 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო).

მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთხელ ახლოს იყვნენ აზიელებიც. 1954 წელს ტურნირზე შესანიშნავად გამოდიოდა ფილიპინების ეროვნული გუნდი, რომელიც საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ეს ერთადერთი აზიური მედალია ამ ტურნირის ისტორიაში.

მსოფლიო ჩემპიონატის თასი

მსოფლიო ჩემპიონატის თასი კალათბურთის დამფუძნებლის, ჯეიმს ნეისმიტის სახელს ატარებს. ის გამარჯვებულს პირველად 1967 წელს გადაეცა, ხოლო თასის ამჟამინდელი ვერსია 2019 წელს შეიქმნა.

FIBA-ს თასისთვის კალათბურთის „მამის“ სახელის წოდების იდეა 1950 წელსვე ჰქონდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მისი შექმნა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, 1965 წელს კალათბურთის მმართველმა ორგანომ დონაციის სახით 1000 ამერიკული დოლარი მიიღო და თასიც შეიქმნა.

1998 წელს სკულპტურას პირველი რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, ხოლო დღევანდელი თასი, რომლის პრეზენტაციაც 2017 წლის 7 მაისს შედგა, სიმაღლეში 60 სანტიმეტია, თითქმის მთლიანად ოქროსია და ყოფილი მფლობელების ვინაობა აწერია. მასზე „რადიანტ სტუდიომ“ იმუშავა, ხოლო უშუალოდ შექმნაში მონაწილეობა ტომას ლაიტმა მიიღო.

რეკორდები მსოფლიო ჩემპიონატზე

ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული: აშშ და იუგოსლავია – 5

ყველაზე მეტი მედალი: აშშ – 12

ყველა დროის საუკეთესო მექულე: ოსკარ შმიდტი (ბრაზილია) – 906 ქულა

ყველაზე მეტი ქულა ერთ შეხვედრაში: ჰურ ჯაე (სამხრეთ კორეა) – 54 ქულა ეგვიპტესთან 1990 წლის მუნდიალზე

საშუალოდ ყველაზე მეტი ქულა ერთ ტურნირზე: ოსკარ შმიდტი (ბრაზილია) – საშუალოდ 34.6 ქულა 1990 წლის მუნდიალზე

ყველაზე მეტი საშუალო ქულა ტურნირის ისტორიაში: ნიკოს გალისი (საბერძნეთი) – 33.7 ქულა 10 მატჩში

ყველაზე მაღალშედეგიანი მატჩი: ბრაზილია 154-97 ჩინეთი (1978 წელი)

ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი: ეგვიპტე 19-38 ბრაზილია (1950 წელი)

ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება: საბჭოთა კავშირი 140-48 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (1974 წელი)

ყველაზე მეტი მედალი: ვლადიმირ მარკესი (ბრაზილია), კრესიმირ კოსიჩი (იუგოსლავია), ამაური პასოსი (ბრაზილია), სერგეი ბელოვი (საბჭოთა კავშირი) – 4

ქართველები მსოფლიო ჩემპიონატზე:

ქართველები FIBA-ს საკალათბურთო მსოფლიო პირველობებზე ხშირად თამაშობდნენ. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შვიდ ქართველს უასპარეზია.

1959 წელი – გურამ აბაშიძე, გურამ მინაშვილი
1963 წელი – ანზორ ლეჟავა, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ უგრეხელიძე
1967 წელი – ზურაბ საკანდელიძე
1970 წელი – ზურაბ საკანდელიძე, სერგეი კოვალენკო
1982 წელი – ნიკოლოზ დერიუგინი

ჩვენს ქვეყანას ორი მსოფლიო ჩემპიონიც ჰყავს. 1967 წელს პლანეტის პირველობა ზურაბ საკანდელიძემ მოიგო, ხოლო 1982 წელს – ნიკოლოზ დერიუგინმა. საკანდელიძემ საბჭოთა კავშირის ნაკრების წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და ის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.

მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები 1982 წლის ფინალში ნიკოლოზ დერიუგინს. გადამწყვეტი მატჩის მეორე ტაიმში, როდესაც საბჭოთა კავშირი აშშ-სთან 6 ქულით აგებდა, მწვრთნელმა ის მოედანზე შეუშვა. ნიკოლოზმა სამი ბურთი ჩააგდო, რამდენიმე წამის მერე საჯარიმოც გამოიყენა და, რაც მთავარია, თანაგუნდელებს მოგების რწმენა დაუბრუნა. 1982 წლის 28 აგვისტოს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა 95:94 გაიმარჯვა.

2023 წელი კი დამოუკიდებელი ქართული კალათბურთისთვის ისტორიული და ყველაზე წარმატებულია. ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით პლანეტის პირველობას ჩვენი ბიჭები გემოს იაპონიაში, ოკინავაში გაუსინჯავენ. უკვე ცნობილია ის 12 მოთამაშე, რომელიც შორეულ აზიაში საქართველოს ღირსებას დაიცავს.

გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი, თორნიკე შენგელია.

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

როგორც უკვე ვთქვით, აზია მსოფლიო პირველობას ჯამში – მეოთხედ, ხოლო ზედიზედ მეორედ უმასპინძლებს. 2019 წელს ტურნირი ჩინეთში გაიმართა. მომდევნო მსოფლიო თასიც აზიის კონტინენტზე, 2027 წელს კატარში შედგება.

2023 წლის ტურნირზე ორგანიზატორები რეკორდულ დასწრებას ელიან. პირველ დღეს მასპინძელი ფილიპინები დომინიკის რესპუბლიკას ხვდება. მატჩი Philippine Arena-ზე უნდა ჩატარდეს, რომელიც დაახლოებით 46 000 მაყურებელს იტევს და ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

ტურნირს, სამწუხაროდ, თანამედროვე კალათბურთის ბევრი ვარსკვლავი დააკლდება, მათ შორის NBA-ს გასული სეზონების უძვირაფასესი მოთამაშეები – ნიკოლა იოკიჩი და იანის ანტეტოკუმპო. გადახალისებული შემადგენლობით ვიხილავთ აშშ-ს ნაკრებსაც. მიუხედვად ამისა, ქომაგს ისეთი მაღალი დონის მოთამაშეების ყურებით შეუძლია ტკბობა, როგორებიც ლუკა დონჩიჩი, ლაური მარკანენი, ჯეილენ ბრანსონი, შაი-გილგის ალექსანდერი, ენტონი ედვარდსი და სხვები არიან.

შორეულ აზიას კალათბურთის გულშემატკივარი ყურადღებას 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით მიაპყრობს. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.