არგენტინა-ხორვატია: მატჩის ანონსი
არგენტინა-ხორვატია: მატჩის ანონსი

21 ივნისი, ნიჟნი ნოვგოროდი, სტადიონი „ნიჟნი ნოვგოროდ-სტედიუმი“, დასაწყისი – 22:00
მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

ჩემპიონატის სტარტზე არგენტინამ, რბილად რომ ვთქვათ, იმედი გაუცრუა თავის გულშემატკივრებს. თან გადამწყვეტ მომენტში ლიდერმაც დააღალატა გუნდი – ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა. ამასთან, სწორედ მან დაარტყა ყველაზე ბევრჯერ კარში, თუმცა, უფრო მეტად დაგვამახსოვრდა ერთფეროვანი თამაში და გეგმა B-ს არარსებობა.

თავის მხრივ, ხორვატიამ მშვიდად მოიგო პირველი მატჩი ნიგერიის წინააღმდეგ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ დალიჩის შეგირდებს 92-ე წუთამდე თამაშიდან ზუსტად კარში არ ჰქონდათ დარტყმული.

პირველი ტურის მატჩები
არგენტინა-ისლანდია 1:1
გოლები: 1:0 აგუერო (19), 1:1 ფინბოგასონი (23)

ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)

ახალი ამბები
პრესის ინფორმაციით, არგენტინელთა დამრიგებელი ხორხე სამპაოლი უარს იტყვის 4-2-3-1 სქემაზე და თავის ფავორიტ 3-4-3-ს დაუბრუნდება.
არგენტინელთა ძირითადში კრისტიან პავონის, გაბრიელ მერკადოსა და მარკოს აკუნიას გამოჩენას ელიან.
ხორვატიას მოგების შემთხვევაში, მერვედფინალში გასვლა შეუძლია. გუნდი ნიკოლა კალინიჩის გარეშე დარჩა, რომელმაც ნიგერიასთან მატჩის 85-ე წუთზე უარი თქვა მარიო მანჯუკიჩის შეცვლაზე – მიზეზად ზურგის ტრავმა დაასახელა. მწვრთნელ ზლატკო დალიჩს დიდხანს არ უფიქრია და ფეხბურთელი გუნდიდან გააძევა.
ხორვატიას პირველ მატჩში არ ჰყავდა მოედანზე დაცვითი ყაიდის ნახევარმცველი და ახლა შესაძლოა, ამ მხრივ შეცვალოს სასტარტო შემადგენლობა.

ურთიერთშეხვედრები
გუნდები მეხუთედ ხვდებიან ერთმანეთს. წინა ოთხი შემთხვევიდან ორი მოიგო არგენტინამ, ერთი ხორვატიამ და ერთი ფრედ დასრულდა.
ამ ოთხიდან ერთი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა – 1998 წელს, ჯგუფურ ეტაპზე არგენტინამ მაურისიო პინედას გოლით მოიგო.

საინტერესო ფაქტები
– არგენტინამ უკანასკნელად ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩის მოგება 1974 წელს ვერ შეძლო;
– არგენტინას ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ ერთი წაგება აქვს (+12=3-1) – 2002 წელს 0:1 ინგლისთან;
– არგენტინამ ბოლო 10 ოფიციალური მატჩიდან მხოლოდ ორში გაიტანა ერთზე მეტი გოლი. სულ ამ 10 შეხვედრაში გუნდმა ცხრა გოლი გაიტანა;
– არგენტინას შესარჩევში დარტყმების გამოყენების ყველაზე ცუდი პროცენტი ჰქონდა (8.1);
– ლიონელ მესის ბოლო 21-მა დარტყმამ ვერ მიაღწია მიზანს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში;
– მაგრამ მესიმ არგენტინის ბოლო 17 მატჩში 14 გოლი გაიტანა;
– ხორვატიას არასოდეს წაუგია ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი – +3=1-0. ამ ოთხ მატჩში მან მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა;
– ხორვატიას ოთხიდან ოთხი წაგება აქვს მსოფლიო ჩემპიონატებზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან (სამჯერ ბრაზილიასთან, ერთხელ – არგენტინასთან);
– ვედრან ჩორლუკას შეუძლია, მე-100 მატჩი ჩაატაროს ნაკრებში.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ხორხე სამპაოლი (არგენტინა):
„ხორვატია – შესანიშნავი გუნდია, რომელსაც კარგად პრესინგი შეუძლია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ვეცდებით, თავიდანვე მეტოქეზე მაქსიმალური ზეწოლა მივიტანოთ“.

ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
„პირველ მატჩთან შედარებით, არგენტინის წინააღმდეგ აუცილებლად იქნება ცვლილებები შემადგენლობაში. რაღაცას შევცვლით ტაქტიკაშიც, მაგრამ მინიმალურად. ასეა თუ ისე, ნიგერიასთან ცუდად არ გვითამაშია“.

სავარაუდო შემადგენლობები
არგენტინა: კაბაილერო – აკუნია, როხო, ოტამენდი, სალვიო – ბანეგა, მასკერანო – დი მარია, მესი, მესა – აგუერო.
ხორვატია: სუბაშიჩი – სტრინიჩი, ვიდა, ლოვრენი, ვრსალკო – მოდრიჩი, კოვაჩიჩი, რაკიტიჩი – პერიშიჩი, კრამარიჩი, მანჯუკიჩი.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!