არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პარლამენტი რეზოლუციას მიმდინარე კვირაში მიიღებს
არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პარლამენტი რეზოლუციას მიმდინარე კვირაში მიიღებს

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუციას პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობა რეზოლუციის პროექ​ტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო ქაცარავას განცხადებით, რეზოლუციით საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს გმობს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„უმრავლესობა მკაცრად გმობს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, კერძ​ოდ, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს. ასევე, კიდევ ერთხელ გმობს გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს. ორივე შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ფედერაციას, ასევე გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ დესტრუქციულ ქმედებებს და მოუწოდებს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა შეთანხმების. ასევე, მოუწოდებს, შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტურად ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ძალისხმევა იმისათვის, რომ დაშვებულ იქნას ადამიანის უფლებების დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები“, – განაცხადა სოფო ქ​აცარავამ.

მისი თქმით, მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის საჭიროება.

„ამ საზარელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მექანიზმების არსებობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ცხადია, ასევე გამოძიების ეფექტურად ჩატარება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით. რეზოლუციაში ასევე ასახულია ჩვენი უცვლელი ხედვა მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით განხილვები როგორც კომიტეტის, ასევე სესიის ფარგლებში. ჩვენ მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია არის მკაცრი, ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები არის გაკეთებული ყველა მიმართულებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა ვიყოთ ერთსულოვნები და უნდა ვიყოთ კონსოლიდირებულები“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია გასულ კვირაში დაარეგისტრირა.​

ამასთან, რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა საპარლამენტო უმცირესობამაც, რომლის თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას და სანქციები უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები.