პარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემა საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე
პარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემა საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე

საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ოჯახს ცხედარი გადაეცეს და საქართველოს მოქალაქეებს  – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა მიეცეთ.

ასევე, პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემა.

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში დაამტკიცებს. მმართველი ძალა განმარტავს, რომ რეზოლუციის პროექტის მომზადების მიზანი საერთაშორისო ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება და გაძლიერებაა.

პირველი არხი რეზოლუციის პროექტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა, მოქალაქეთა ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მიმართ;

ითვალისწინებს რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტია;

მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების და ეკონომიკური განვითარების პროცესში;

გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი სიკეთეები გაუზიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას.

საქართველოს პარლამენტი მკაცრად გმობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას;

კიდევ ერთხელ, მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, რაზეც ასევე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას;

გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;

გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იზოლაციას, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას და უკანონო დაკავებებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს და ეთნიკურ დისკრიმინაციას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელის შეშლას, რაც ამძიმებს ომითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ვითარებას და ახდენს სამშვიდობო პროცესის მიზანმიმართულ შეფერხებას;

საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე; არ დააბრკოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება, მათ შორის, საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით;

შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება; შეწყვიტოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ;

შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და ეფექტიანად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;

გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესის მისაღწევად;

უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელი არ შეუშალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას,  მიიღოს ზომები, რათა მოხდეს საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, საქართველოს მოქალაქეებს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მიეცეთ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობა;

მიიღოს ზომები, რათა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, ქართული მხარის მიერ ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება, მათ შორის საერთაშორისო აქტორების ჩართულობით;

გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება;

მოახდინოს ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე, გადასაწყვეტად რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის მიზნით;

გააძლიეროს ძალისხმევა ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის მიზნით”, – აღნიშნულია დოკუმენტში.