არჩილ ტატუნაშვილის მამა ხელისუფლებასა და მთელ საქართველოს მადლობას უხდის

არჩილ ტატუნაშვილის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილების გამო ოჯახი ხელისუფლებას მადლობას უხდის. ასევე, არჩილ ტატუნაშვილის მამამ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საზოგადოებასაც.

“მინდა, მადლობა  გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, უღრმესი მადლობა თავდაცვის მინისტრს. ეს ჩემი შვილის  უკანასკნელი ანდერძია. ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება მოგვცეს. თანადგომისთვის მადლობას ვუხდი მთელ საქართველოსა და საზოგადოებას”, – უთხრა გიორგი ტატუნაშვილმა დღეს ჟურნალისტებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.