არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის სამართლებრივი რეკომენდაციები კანონპროექტში აისახება, ხოლო რეკომენდაციებს, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას განვიხილავთ
არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის სამართლებრივი რეკომენდაციები კანონპროექტში აისახება, ხოლო რეკომენდაციებს, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას განვიხილავთ

ვენეციის კომისიის სამართლებრივი რეკომენდაციები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში აისახება, ხოლო რეკომენდაციებს, რომელიც პოლიტიკურ საკითხებს ეხება, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს განვიხილავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კროტერიმებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მაქსიმალურად გაითვალისწინებენ.

„ვენეციის კომისიის დასკვნა უკვე მიღებულია. დღეს სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარე ესწრებოდა და ვენეციის კომისიის თითოეული რეკომენდაცია განვიხილეთ. რაც შეეხება მათ გათვალისწინებას, პარლამენტის თავმჯდომარემ გუნდის პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველა რეკომენდაციას პლენარული სხდომის ფორმატში ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი, ხვალინდელი და პარასკევის სამუშაო სხდომები ამ საკითხს დაეთმობა. ვენეციის კომისიას რეკომენდაციებისთვის უმრავლესობამ მიმართა და მათ ხედვებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისივე თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება. კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.