არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე დადებითი შეფასება გაკეთდა
არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე დადებითი შეფასება გაკეთდა

ვენეციის კომისიის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე დადებითი შეფასება გაკეთდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს შეეხება.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის შეფასებას, სადაც კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საბოლოო მოსმენით იქნა მიღებული. თალაკვაძემ განმარტა, რომ პროექტის მიღების ვადებზე ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.

„საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის შეფასებებს დადებითად შევაფასებდი. მათი მხრიდან არსებითად დადებითი შეფასება გაკეთდა საკანონმდებლო ცვლილებებზე. ჩვენ გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია როგორც ჩვენი პარტნიორები ვენეციის კომისიაში, ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა და ევროკავშირის საელჩო წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი როგორც წესი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წყვეტს პლენარულ სხდომებს. რა თქმა უნდა, კანონი დავიცავით ამ შემთხვევაში, ბოლო დღემდე დაველოდეთ და მივიღეთ ეს ცვლილებები.

რაც მთავარია, აქ მთავარი არის დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესები. მთავარია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებსა და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვას და დავების გადაწყვეტას. ჩვენ არ გვქონდა უფლება, საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაგვედო და ამით პროცესი თვეობით, კიდევ ერთი წლით გაგვეჭიანურებინა.  ჩვენ მიმართ ლეგიტიმური მოლოდინია, რომ დროულად დაგვესრულებინა ეს რეფორმა. ფაქტია ის, რომ ცვლილებები, რომელიც გავატარეთ სასამართლო ხელისუფლებაში, ემსახურებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, რვაჯერ არის შემცირებული მაგალითად ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს წელიწადში 5 ათასს აღემატებოდა, დღეს 700-მდეა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლო სისტემა დღეს გაცილებით ეფექტურია, თავისუფალია და სასამართლოს მიმართ მოქალაქეების ნდობა გაზრდილია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.